|
სიმპოზიუმი
თბილისის ტრადიციული მრავალხმიანობის საერთაშორისო სიმპოზიუმი
საქართველოში მრავალხმიანობის კვლევას საფუძველი XIX საუკუნის II ნახევარში ჩაეყარა, როცა ქართველმა მოღვაწეებმა დაიწყეს პირველი ნარკვევების გამოქვეყნება ქართულ სასულიერო გალობასა (ძველი პროფესიული მუსიკა) და ხალხურ სიმღერაზე.
საქართველოში სამუსიკო ფოლკლორისტიკის მეცნიერების ფუძემდებლად ახალი ქართული პროფესიული მუსიკის კლასიკოსი, კომპოზიტორი, აკადემიკოსი დიმიტრი არაყიშვილია აღიარებული, რომელმაც უკვე XX საუკუნის დასაწყისში საქართველოს ფარგლებს გარეთ გაიტანა ქართული ხალხური სიმღერა – მის მიერ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ჩაწერილი 500-მდე ნიმუში მოსკოვის უნივერსიტეტის ბუნებისმეტყველების, ანთროპოლოგიისა და ეთნოგრაფიის საზოგადოებასთან არსებული მუსიკალურ-ეთნოგრაფიული კომისიის გამოცემებში გამოქვეყნდა. მოსკოვში ამავე დროს დაისტამბა მისი პირველი შრომებიც (1906,1908, 1916 წლები) სანოტო მაგალითებითურთ.
მეოცე საუკუნის ათიანი წლების ბოლოდან, განსაკუთრებით კი 20-30-იანი წლებიდან დაიწყო ევროპელ მკვლევართა დაინტერესება ქართული ტრადიციული მრავალხმიანობით. რობერტ ლახის, გეორგ შუნემანის, მარიუს შნაიდერის და, განსაკუთრებით, ზიგფრიდ ნადელის მრავალხმიანობისადმი მიძღვნილ შრომებში ქართულ მრავალხმიანობას ერთ-ერთი ცენტრალური ადგილი უჭირავს. ზიგფრიდ ნადელის ცნობილი გამოკვლევა გერმანულ ენაზე – «ქართული სიმღერები" სანოტო მაგალითებით (1933) უცხოეთში გამოქვეყნებული პირველი ფუნდამენტური შრომაა, რომელშიც, სხვასთან ერთად, დასაბუთებულია ქართული მრავალხმიანობის ადგილობრივი წარმომავლობა და წამოყენებულია მოსაზრება, რომ ძირძველ ქართულ მრავალხმიანობას, შესაძლოა, გავლენა მოეხდინა პროფესიული მრავალხმიანობის გაჩენაზე ევროპაში. ეს მოსაზრება კიდევ უფრო მკაფიოდ არის გამოთქმული მარიუს შნაიდერის 40-60-იან წლებში გამოქვეყნებულ ნაშრომებში, მათ შორის დღემდე უნიკალურ გამოცემაში «მრავალხმიანობის ისტორია" (მეორე გამოცემა, 1969).
1921 წელს საქართველოში საბჭოურ-ბოლშევიკური რეჟიმის დამყარებამ თითქმის 70 წლით შეწყვიტა საეკლესიო მუსიკის, როგორც ეროვნული მუსიკალური ცნობიერების განუყოფელი ნაწილის კვლევა, მაგრამ გრძელდებოდა ტრადიციული ხალხური მუსიკის ინტენსიური შესწავლა. ამ საქმეში ფასდაუდებელი წვლილი შეიტანეს ივანე ჯავახიშვილმა, გრიგოლ ჩხიკვაძემ, შალვა ასლანიშვილმა, ვლადიმერ ახობაძემ, ოთარ ჩიჯავაძემ, ვალერიან მაღრაძემ, ქრისტეფორე არაქელოვმა, კახი როსებაშვილმა, მინდია ჟორდანიამ, კუკური ჭოხონელიძემ, ედიშერ გარაყანიძემ და სხვ. მათ შრომებში, ქართული ხალხური მუსიკის ზოგად თავისებურებებთან ერთად, განიხილება მრავალდიალექტიანი ხალხური სიმღერის რეგიონული სტილებისათვის დამახასიათებელი ნიშნები, რიტმულ-ინტონაციური და კილო-ჰარმონიული თავისებებურებები, სპეციფიკური საკადანსო ფორმები თუ საშემსრულებლო მანერა, საკრავიერი მუსიკა და ა.შ.
1980-ანი წლებიდან საქართველოში ასპარეზზე გამოდის ახალგაზრდა ეთნომუსიკოლოგთა მთელი თაობა, რომელიც ქართული საერო და სასულიერო მრავალხმიანობის კომპლექსურ კვლევას იწყებს. ამ კვლევის შედეგებმა თავი იჩინეს ტრადიციული მრავალხმიანობისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციებზე, რომლებიც ბორჯომსა და თბილისში გაიმართა 1984, 1986 და 1988 წლებში.
ამ კონფერენციებში მონაწილეობას იღებდნენ ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვადასხვა ეთნომუსიკოლოგიური სკოლების წარმომადგენლები. სამეცნიერო სხდომების შემდეგ გამართულმა ქართული ხალხური სიმღერის კოლექტივების კონცერტებმა საფუძველი ჩაუყარა კვლევითი და საშემსრულებლო კომპონენტების სინთეზს, რაც ესოდენ დამახასიათებელი გახდა მომდევნო კონფერენციებისათვის.
განსაკუთრებით ფართო საერთაშორისო მასშტაბები შეიძინა ბორჯომის 1986 და განსაკუთრებით 1988 წლის კონფერენციებმა, რომელთა ერთ-ერთი ინიციატორი იოსებ ჟორდანია იყო. მათ მომზადებასა და ჩატარებაში კონსერვატორიას (სამეცნიერო დარგის პრორექტორი რ. წურწუმია, ქართული ხალხური მუსიკალური შემოქმედების კათედრის გამგე ე. ჭოხონელიძე) დიდი დახმარება გაუწია კომპოზიტორთა კავშირის მაშინდელმა ხელმძღვანელობამ გია ყანჩელმა და ანზორ ერქომაიშვილმა. კონფერენციები წალკოტში ჩადგმულ კომპოზიტორთა სახლის საკონცერტო დარბაზში მიმდინარეობდა. დღის სამეცნიერო სხდომებს საღამოს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული ხალხური მომღერლების მაღალი ხელოვნება ენაცვლებოდა და სოფლური სიმღერის განუმეორებელ სურნელებას აფრქვევდა სცენიდან. . . სხვათა შორის, ეს კონფერენციები საბჭოთა კავშირის პერიფერიული რესპუბლიკებისათვის უჩვეულოდ წარმომადგენლობითი იყო ევროპელი და ამერიკელი მეცნიერების მონაწილეობის თვალსაზრისით და მათ ორგანიზაციაში დაუღალავად გვეხმარებოდა რუსული ეთნომუსიკოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი ბ-ნი იზალი ზემცოვსკი, ქართული კულტურის მეგობარი, რომლის სამეცნიერო კონსულტაციები დიდად ეხმარებოდა ახალგაზრდა ქართველ ეთნომუსიკოლოგებს.
საბჭოთა იმპერიის დაშლის შემდეგ, 1990-ანი წლების დამოუკიდებელ საქართველოში შემნილმა მძიმე პოლიტიკურმა და სოციალურმა ვითარებამ ეს ტრადიცია მოშალა და მისი აღდგენა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდი ძალისხმევით მხოლოდ 1998 წელს მოხერხდა. მომდევნო საერთაშორისო კონფერენცია ფონდის «ღია საზოგადოება _ საქართველოს» დახმარებით 2000 წელს ჩატარდა. გამოცემულია ყველა კონფერენციის მასალები: 80-იანი წლებისა – თეზისების სახით, რუსულ ენაზე, ხოლო 1998 და 2000 წლებისა – მოხსენებების სახით, ქართულ-ინგლისურ ენებზე.
ეს იყო თანმიმდევრული სვლა ტრადიციული მრავალხმიანობის I საერთაშორისო სიმპოზიუმისაკენ, რომელმაც, ერთი მხრივ, შეაჯამა ქართული ეთნომუსიკოლოგიის განვითარების საუკუნოვანი გზა და, მეორე მხრივ, დაიწყო მსოფლიო მრავალხმიანობის კონტექსტში ქართული მრავალხმიანობის კვლევის ახალი ეტაპი.
|